You can be on Entrepreneur’s cover!

"ცუდიც ხდება, მაგრამ არ შეწყვიტოთ ოცნება" - პინკი კოულის რჩევები ანტრეპრენერებს

By Nicole Lapin

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ანტრეპრენერებიც უშვებენ შეცდომებს. ეს თქვენც დაგემართებათ, რადგან ამისგან არავინაა დაზღვეული. პინკი კოულს სურს, დაგარწმუნოთ − ამაში საგანგაშო არაფერია.

"ადრე ვფიქრობდი, თუკი რამე აირეოდა, რატომ მემართებოდა ეს მაინცდამაინც მე. ეს დამოკიდებულება შევცვალე. კარგი, ფაქტია, ეს ხდება, მაგრამ რა შემიძლია აქედან ვისწავლო? რით გამხდის ეს გამოცდილება უკეთესს? ნუ შეგეშინდება ფაქტის, რომ კონკრეტული მოვლენები მოხდება და ამიტომ, როცა ეს დრო დადგება, გეცოდინება − ისინი გეხმარებიან რაღაცით უკეთესი გახდე".

სხვა ანტრეპრენერების მსგავსად კოულიც იმითაა ცნობილი, თუ რას მიაღწია − მან ატლანტაში რესტორანი Slutty Vegan გახსნა. ახლა ის რესტორნებს 11 ლოკაციაზე ამუშავებს და გარდა დიდი რიგებისა, პრესის ყურადღებაც არ აკლია. მიუხედავად ამისა, მას ბევრი შეცდომაც დაუშვია. კოული საკუთარი არასწორი ნაბიჯებისა და სხვა ბევრი რამის შესახებ მის ახალ წიგნში, "იმედია, შეგეშლება", წერს. ის ჰყვება, თუ როგორ უნდა შევეგუოთ წარუმატებლობებს, ან როგორ შეუძლიათ ანტრეპრენერებს კარიერის ყველაზე ცუდი დღეების სხვა თვალით დანახვა.

თქვენი პირველი რჩევა წიგნში არის "გააკეთე ხანძრისგან დაზღვევა". როგორც ვიცით, Slutty Vegan-ის გახსნამდე ხანძრისგან დაზღვევა არ გქონდათ. რა ისწავლეთ აქედან?
ჩემი პირველი კვების ობიექტი იყო "პინკის ამერიკულ-იამაიკური რესტორანი" − ამ ბიზნესით ვსაზრდოობდი, ვსუნთქავდი, აქ ვიძინებდი. საკმაოდ კარგად ვართმევდი თავს, თუმცა არ ვიცოდი, რომ წარმატებული წამოწყებისთვის საჭირო გარკვეული ინგრედიენტები მაკლდა. ერთ-ერთი ასეთი ნაკლოვანება ხანძრისგან დაზღვევა იყო.

მაშინ დაზღვევა სავალდებულო არ იყო, ამიტომ არც პაკეტი შევიძინე, მეგონა ფულს ვზოგავდი. თუმცა ერთ დღესაც სახანძროდან დამირეკეს − რესტორანში ცეცხლი გაჩნდა. უდიდესი გაკვეთილი, რომელიც ამ შემთხვევამ მასწავლა, იყო რესურსების სწორი განაწილება − რაღაცები აუცილებლად დაგჭირდება და თუკი წინასწარ არ იზრუნებ, ცუდად მოგიბრუნდება.

ადამიანები ფიქრობენ, რომ დაბრკოლების გაჩენა სამყაროს აღსასრულს ნიშნავს. შესაძლოა ასეთი შეგრძნებაც გქონდეთ − ყველაფერი დამთავრდა... თუმცა, შესაძლოა, ეს შემთხვევა გამზადებდეთ თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო გამოცდილების მისაღებად. სწორედ იმ ხანძრის გამო მოვახერხე და გავხსენი Slutty vegan, ახლა კი მულტიმილიონიან კომპანიას ვფლობ.

ბევრი დამწყები მსგავსი კატასტროფით შეძრწუნდებოდა. ამიტომ უფრო მეტად გავშალოთ ეს მომენტი: მოგვიყევით, როდის და როგორ მიხვედით გადაწყვეტილებამდე "არა, ჩემს ანტრეპრენერულ მოგზაურობას არ შევწყვეტ. ყველაფერი აქ არ დასრულდება!"?
წარუმატებლობები ხდება. ძალიან ცუდი ამბებიც ხდება. გზაზე დაბრკოლებები შეგხვდებათ. იმაზეც მოგიწევთ ფიქრი, როგორ უნდა გადაიხადოთ გადასახადები და დასაქმებულთა ანაზღაურება. თუკი ამ ყველაფრის გარეშე მიაღწევთ წარმატებას, ძალიან კარგია. მაგრამ მგონია, რომ სულ სხვანაირ სიმტკიცეს იძენთ, როცა ბიზნესის წარმოებისას გიწევთ გამკლავება.

წიგნში ერთი ასეთი ციტატა გაქვთ: "რადგან ბევრი ჩვენგანი ანტრეპრენერების სამყაროში არ გაზრდილა, დანაკარგს ძალიან პერსონალურ და პიროვნულ ტრაგედიად აღვიქვამთ". ახლა როგორ ახერხებთ, რომ სიტუაციას ასე აღარ უყურებდეთ?
ყველაფერს ძალიან პირადულ მოვლენად ვუყურებდი, და მსგავსი მომენტები ახლაც მაქვს. როცა თავს ასე ვგრძნობ, სარკეში ვიყურები და საკუთარ თავს ვეუბნები: "მობილიზდი, გამოფხიზლდი!"

ცხადია, მაქვს გამოფხიზლების წუთებიც, რადგან ვაცნობიერებ, რომ საბოლოოდ, არავინ დარდობს ჩემს დანაკარგზე. არავის ადარდებს, რომ შენ ბიზნესში წარუმატებლობის გამო ტირი. არც ის აინტერესებთ, თუ როგორ გეწყინა ვიღაცის ნათქვამი. არავის ანაღვლებს. ამიტომაც უნდა ადგე და წინსვლა განაგრძო.

ხანძარმა როგორი გავლენა მოახდინა Slutty Vegan-ის ბიუჯეტის გაწერაზე?
უნდა ვაღიარო − ძალიან ხელმომჭირნე ვარ. მაგალითს გიამბობთ: $25-მილიონიან ზრდაზე ვსაუბრობდით, რამაც ჩემზე სხვებისგან განსხვავებულად იმოქმედა. მე უფრო იაფად მინდოდა გამოვსულიყავით, როცა სხვებს მოსწონდათ იდეა და ამბობდნენ, რომ $25 მლნ უნდა აგვეთვისებინა. თუმცა მე ეს არ დავუშვი.

ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ შემეშინდა. არ მინდოდა, რამე დამეკარგა. ემინემს აქვს ნათქვამი: "მხოლოდ ერთი შანსი გეძლევა. არ დაკარგო ის, რადგან მსგავსი შესაძლებლობა ცხოვრებაში ერთხელ მოგეცემა". როცა საქმე ბიზნესს ეხება, შემიძლია "უკანასკნელ წვეთამდე გამოვწურო ლიმონი" − თუკი რაღაცის გაკეთება უფულოდ შეგიძლია, ფულის ქონის დროსაც ისე უნდა მოიქცე, თითქოს არ გაქვს. არაა აუცილებელი ისე აკეთო საქმე, თითქოს ფული წყალივით შემოგდის. ასე იფუშება ბიზნესები და მე არასდროს მინდოდა ამ კატეგორიაში ვყოფილიყავი.

თქვენი მანტრა, რომელსაც სხვა ანტრეპრენერებსაც ურჩევთ, არის: "მე სავსე ვარ შესაძლებლობებით და კვლავაც ვიოცნებებ". რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
მე უდიდესი მეოცნებე ვარ და მჯერა, რომ საკუთარი სინათლე არ უნდა ჩააქრო მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ცუდი მოხდა. ჩემზე The New Yorker-მა დაწერა და ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა იყო. მომდევნო დღეს უკვე Jet-ის ყდაზე აღმოვჩნდი, შემდეგ Target-ზე. მეგონა, ყველაფერი იდეალურად იყო და რამდენიმე დღეში ისევ აღმოვჩნდი ნიუსების ჰედლაინებში − Slutty Vegan-ის დამფუძნებელ პინკი კოულს ხელფასების გადაუხდელობის გამო უჩივიან. არადა, პირველად მესმოდა. ყველა ჩანაწერს გადავხედე. როგორ მოხდა ასეთი რამ?

ცოტა ხნით ამან თითქოს ჩემი სინათლეც ჩააქრო. მეგონა, ჩემი ბიზნესი აღარ მიყვარდა. ნამდვილი ანტრეპრენერი გეტყვით, რომ ასეთი აღმასვლები და დაცემები ყველას აქვს. გიყვარს შენი ბიზნესი, მაგრამ ხანდახან უბრალოდ იღლები. ეს მე პირველად მემართებოდა, მაგრამ გახსოვთ, რა გითხარით? − არავის აინტერესებს. მაგრამ ეს ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავდა − ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ოცნებას თავი არ უნდა დაანებო.

ასე დავიწყე ჩემი ბიზნესის თავიდან შეყვარება. იმის კეთება უნდა დამეწყო, რასაც ვამბობდი − ყველაფრის მიუხედავად, ოცნებას მივყოლოდი. შესაძლოა, თავიდან ცუდად ჩანდეს ყველაფერი, შეიძლება გეტკინოთ, მაგრამ ოცნებას არ შეეშვათ. იცით, რატომ? − ვიდრე ოცნებობთ, წარმოსახვა სვლას აგრძელებს და შეძლებთ იმის მანიფესტირებას, რაზეც ფიქრობთ და რასაც ნატრობთ.

ამბობთ, რომ განსხვავებაა საუკეთესოსა და სწორს შორის. შეგიძლიათ, აგვიხსნათ, რას გულისხმობთ?
როცა ვსაუბრობთ საუკეთესოზე, შედარებითს ვგულისხმობთ. რაც ჩემთვისაა საუკეთესო, ის სხვისთვისაც საუკეთესო ვერ იქნება. ჩემთვის საუკეთესო იყო ხანძრის დაზღვევაზე ფულის დაზოგვა და ჯიბეში ფულის დატოვება. მაგრამ რაც მართალია, ის ვერ იქნება არასწორი. სწორი კი არის იმის ცოდნა, დარწმუნებული ყოფნა, რომ ვარ უსაფრთხოდ, რომ ჩემი ბიზნესი ვითარდება შესაბამისად. დედაჩემი მუდამ ამას მიმეორებს: "თუკი ერთხელ მოიქცევი სწორად, იმავეს მეორედ გაკეთება არ მოგიწევს".