Tbooks.ge - ინგლისური ენის შესწავლის მოქნილი, სახალისო და ინოვაციური შესაძლებლობა საქართველოში
By ანო ტვილდიანი •
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"დღეს ინგლისური ენის ცოდნის გარეშე კარიერული წინსვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ე.წ. მილენიალები, რომელთა დიდ ნაწილს უკვე აქვს სამსახური, ჰყავს ოჯახი და რომელთაც სურთ კარიერული განვითარება, ვერ ახერხებენ ინგლისური ენის შესწავლისთვის დროის დათმობას. ამასთანავე, მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც სკოლაში მეცადინეობდნენ, მოძველებულია და ეფექტიან შედეგებს არ გვაძლევს", − თამარ ბაქრაძე, "თიბუქსის" დამფუძნებელი.
თამარი ელექტრონული წიგნებით ცდილობს გადაჭრას ორი ძირითადი პრობლემა: პირველი − რაც შეიძლება მოკლე დროში მისცეს შემსწავლელს მაქსიმალური შედეგი და მეორე − მეცადინეობის პროცესი იყოს სახალისო, საინტერესო და მაქსიმალურად მარტივი.
"როცა სკოლაში ვსწავლობდი, მუდამ მაღალი ნიშნები მქონდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ძალიან მსიამოვნებდა მეცადინეობა, არამედ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება მქონდა.
ჩემი თითოეული წიგნი შექმნილია მეცადინეობის გამარტივებისა და გახალისების მიზნით. ეს ისეთი წიგნებია, რომლითაც თავად ვისურვებდი მესწავლა ინგლისური და ზოგადად, ნებისმიერი ენა", − ამბობს თამარი.
მან Facebook-ზე შექმნა ჯგუფი "ინგლისური ყველასათვის", რომელიც 50 000-მდე ადამიანს აერთიანებს.
"მიმაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში ენის სწავლა/სწავლების დროს ელექტრონული წიგნები ბევრად მოხერხებულია. მინდოდა, ეს გამოცდილება ჩვენს ქვეყანაშიც დამკვიდრებულიყო. ენის შესწავლა მოსასმენი და ვიდეომასალის გარეშე წარმოგიდგენიათ? როცა მეცადინეობ, იქვე ძალიან მარტივად ჩართავ ვიდეო ან აუდიოფაილს, სწრაფად გადადიხარ პასუხებზე, სისტემა იმახსოვრებს სად გაჩერდი და ა.შ.".
თამარის აზრით, ელექტრონული წიგნებით ენის შესწავლა ბევრად სასიამოვნო და მარტივი პროცესია. შემსწავლელს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია წიგნების გამოყენება. მთავარია, თან ტელეფონი ჰქონდეს.
ფიქრობს, რომ ეს დიდი კომფორტია და როცა ადამიანი ისედაც დაკავებულია, ნებისმიერ დროს უნდა მიუწვდებოდეს სამუშაო მასალაზე ხელი. ამ მომენტისთვის 10 000-მდე მკითხველი ჰყავს მის წიგნებს.
ბოლო წლებში ინგლისურ ენაში გაჩნდა სიტყვა edutainment, რაც გულისხმობს განათლებასა და გართობას ერთდროულად.
მიაჩნია, რომ ქართველ შემსწავლელებსაც უნდა ჰქონდეთ საშუალება მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება მინიმალურ ფასად და თანაც დრო სასიამოვნოდ გაატარონ.
"ჩემი კოლეგების უმრავლესობა საკუთარ წიგნებს ბეჭდავს და ასე აწვდის მკითხველს. ზოგადად, ადამიანებს გვიჭირს სიახლეებთან შეგუება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაიმე განსხვავებულის გაკეთება, მიმაჩნია, რომ გაბედულობას ნამდვილად მოითხოვდა", − ამბობს თამარი.
იხსენებს, რომ როცა პირველი წიგნის გამოშვება დააანონსა, ადამიანების უმრავლესობას იგი ბეჭდური მასალა ეგონა.
"ახლაც კი ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ჩემი სახელმძღვანელოები დაბეჭდილია. უამრავი შემთხვევა მქონია, როცა მწერდნენ, რომ გადაიფიქრეს ყიდვა, რადგან ელექტრონული აღმოჩნდა.
ბევრ ადამიანს არ უნდა იმის მიღება, რომ ელექტრონული წიგნით სწავლა/სწავლების პროცესი უფრო მარტივი და სახალისოა. ურჩევნიათ, ისევ 300-გვერდიანი წიგნები ატარონ წინ და უკან. ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშე ახლაც ვდაგავარ, თუმცა ყველანაირად ვცდილობ საზოგადოებას დავანახო, რომ დადებითი ძალიან ბევრია, უარყოფითი კი ძალიან ცოტა".
თამარი გვირჩევს, რომ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი შედეგისთვის. მიზეზები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და არა მომხმარებელში. თუ რაიმე არ გამოდის, ტაქტიკა უნდა შეცვალოთ.
"ამ ყველაფრის გაკეთება მარტივი ნამდვილად არ არის, უამრავ წინააღმდეგობას წააწყდებით, თუმცა მათ გადასალახად საჭიროა, რომ საქმე, რომელსაც აკეთებთ, ძალიან გიყვარდეთ. საკუთარ თავს ჰკითხეთ: მილიარდერი რომ იყოთ, იმავე საქმით იქნებოდით დაკავებული? თუ პასუხი არის "დიახ", მაშინ გააგრძელეთ. თუ "არა", მაშინ შეწყვიტეთ მისი კეთება. დროის დიდ ნაწილს მუშაობაში ვატარებთ. თუ ჩვენი პროფესია არ გვიყვარს, მაშინ გამოდის, რომ ცხოვრება ტანჯვასა და უბედურებაში გვიწევს", − თამარ ბაქრაძე.
მოტივაციას მკითხველი და დადებითი შეფასება აძლევს. მადლობის წერილებს ყოველდღე იღებს. სურს, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში თავისივე ავტორობით, ინგლისურის ერთი ან ორი სახელმძღვანელო დაემატოს tbooks.ge-ს.
"ბოლო ორი-სამი თვეა, ქართული ენის წიგნებზეც დავიწყეთ მუშაობა. ვფიქრობ, შეიძლება სხვა ენებიც დავამატოთ, მაგალითად, თურქული. ზოგად მიზნებს რაც შეეხება, მინდა tbooks.ge საქართველოში გახდეს ნომერ პირველი საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც შემსწავლელი იმ განწყობით შევა, რომ გარანტირებულ შედეგს მიიღებს და მეცადინეობასთან ერთად გაერთობა კიდეც".